English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ თეიმურაზ შენგელიახათუნა ბერიშვილითინათინ ჟორჟოლიანი
კულტურული ფასეულობების იდენტიფიცირება და ზეგავლენა საზოგადოების ეკონომიკურ პროგრესზე

საზოგადოებაში გაბატონებული ფასეულობების სამეურნეო ცხოვრებაზე ზეგავლენის დადგენა, მნიშვნელოვანი მეცნიერული პრობლემაა. ამ სფეროში არსებული მეცნიერული მიდგომების განვითარებამ უმნიშვნელოვანესი გახადა იმ ქცევითი მოდელებისა და კულტურული ფასეულობების იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება არსებითი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე. ამდენად, აუცილებელია იმ ქცევითი მოდელების შესწავლა და გამოყენება, რომლებიც პოზიტიურად მოქმედებენ ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ ამოცანის დაძლევის ერთ-ერთი გზა არის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე პოზიტიურად მოქმედი კულტურული ფასეულობების იდენტიფიცირება და იმპლემენტაცია განვითარებად საზოგადოებაში. ამ მიდგომას საფუძველზე განისაზღვრა ჩვენი კვლევის ძირითადი მიმართულება, რომლის მიხედვითაც დადგინდა იმ კულტურული ფასეულობების ჩამონათვალი, რომლებიც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენენ მის ეკონომიკურ და სოცილურ წინსვლაზე.
ნაშრომში განხილული კულტურული ფასეულობების ზეგავლენა საზოგადოების ეკონომიკურ პროგრესზე. დადგენილია ის პირდაპირი კორელაცია, რომელიც არსებობს ზოგად ფასეულობით ორიენტაციასა და ეკონომიკურ წარმატებებს შორის. წარმოდგენილია კულტურის ელემენტების უნივერსალური ჩამონათვალი და მისი გამოყენების შესაძლებლობა საზოგადოების ეკონომიკური პროგრესის მიღწევის მიზნით.
საკვანძო სიტყვები: კულტურა, საზოგადოებრივ ფასეულობათა სისტემა, იდენტიფიცირება, ინსტიტუტები, ქცევის მოდელები.

შესავალი

საზოგადოებაში გაბატონებული ქცევის მოდელებისა და ფასეულობითი ორიენტაციის გავლენა ეკონომიკურ ცხოვრებაზე, წარმოადგენს ინტერდისციპლინარული კვლევების ობიექტს. ამ კვლევებში დადგენილია ამ ორ ფენომენს შორის მჭიდრო კავშირის არსებობა (Shane 1992, Taylor, Wilson 2012). ამ მიმართულებით მეცნიერული მიდგომების განვითარებამ ფასეულობებსა და ეკონომიკურ წარმატებებს შორის ურთიერთობის დადგენასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გახადა იმ ქცევის მოდელებისა და კულტურული ფასეულობების იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება დააჩქაროს ან შეანელოს საზოგადოების ეკონომიკური პროგრესი. ამდენად, აუცილებელი გახდა იმ ქცევითი მოდელების შესწავლა და გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ კეთილდღეობას. ამის მიღწევის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს ეკონომიკურად განვითარებული საზოგადოებების კულტურული ფასეულობების იდენტიფიცირება და განვითარებადი საზოგადოების ეკონომიკური წინსვლის დაჩქარების მიზნით, ამ კულტურული არქეტიპების მასში გადატანა (Shengelia 2018). ამ მიდგომას საფუძველზე განისაზღვრა მეცნიერული კვლევების ძირითადი მიმართულება, რის მიხედვითაც საზოგადოება აყალიბებს იმ კულტურული ფასეულობების ჩამონათვალს, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს მის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლაზე.

ლიტერატურის მიმოხილვა
თანამედროვე ეკონომიკურ და სოციალურ ლიტერატურაში ფართოდ განიხილება კულტურული ფასეულობების ზეგავლენის საკითხი საზოგადოების ეკონომიკურ პროგრესზე (Inglehart&Baker 2000, Henrich 2000, Guiso et al. 2006, Shengelia 2018, Bedianashvili 2018). ამ მხრივ საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული ამერიკელი მეცნიერის მილტონ ბენეტის ნაშრომში (Milton 2001), სადაც ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კულტურათაშორისი განსხვავებები დამახასიათებელია ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ადამიანებს შორის მსგავსება და განსხვავებები, განპირობებულია ბუნებრივი და კულტურული თავისებურებებით. ამასთან, კულტურათაშორისი ურთიერთობების აბსოლუტიზაციას მივყავართ, ნეგატიური სტერეოტიპების წარმოქმნამდე, სხვა კულტურის პრიმატის აღიარებამდე, რაც ნეგატიურად აისახება საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე. მ.ტაილორი და ს.ვილსონი თავიანთ კვლევაში (Taylor, Wilson 2012) ასაბუთებენ, რომ ქვეყნები, სადაც დომინირებს ინდივიდუალისტური ფასეულობები, ქცევის ამ მოდელისაგან იღებენ დამატებით ეკონომიკურ სარგებელს და გამოირჩევიან ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით. ნაშრომში (Henrich 2000) ავტორმა გამოიკვლია ინდივიდუალიზმსა და ინოვაციებს შორის დამოკიდებულების საკითხი. მეცნიერს მიაჩნია, რომ ინდივიდუალისტური ღირებულებების, ინდივიდის პრიორიტეტის დამკვიდრება, აჩქარებს ინოვაციურ პროგრესს. ნაშრომებში (Shengelia, 2017) ავტორი მიუთითებს, რომ უნდა განვითარდეს ის ინსტიტუტები, რომლებიც ხელს უწყობენ ინდივიდუალურ საქმიანობას, აფართოებენ იმ სივრცეს, რომელშიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები (ადგილობრივი ტრადიციების, ზნეობის ნორმების გათვალისწინებით) და თვითრეალიზაციის პროცესის განვითარებით, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში კონსერვატიული ტენდენციების განვითარებას. ცნობილი მეცნიერები (Guiso., Sapienza., Zingales, 2006) თავიანთ კვლევაში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ საზოგადოებაში წარმატებულია ის ინსტიტუტები, რომლებიც მის კულტურულ ფასეულობებს შეესაბამება და არ ეწინააღმდეგება მათი განვითარების შინაგან ლოგიკას.
ამდენად, ნათელია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში კულტურულ ფასეულობებსა და ეკონომიკური განვითარების საკითხისადმი არ არსებობს ერთგვაროვანი დამოკიდებულება.

კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები

კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდი, რომლის ფარგლებში 2022 წლის მარტში, ჩატარდა გამოკითხვა ფოკუს-ჯგუფში (2697 მამრობითი სქესის წარმომადგენელი 15-დან 60 წლამდე და 2548 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი 15-დან 60 წლამდე), წინასწარ შედგენილი ნახევრად სტრუქტურირებული სადისკუსიო გეგმისა და zoom-ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოყენებულ იქნა ფოკუს-ჯგუფის ტრანსკრიპტის შესადგენად.
გაკეთდა ანალიზი და შესაბამისი დასკვნები ფოკუს-ჯგუფის შედეგად მიღებული მონაცემების, გამოიყო შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული ძირითადი თემები.
კვლევის პროცესში დაცული იყო კონფიდენციალურობა და კვლევის ეთიკის პრინციპები.
ინდივიდუალისტური ფასეულობების, ინდივიდის პრიორიტეტის დამკვიდრება, აჩქარებს ინოვაციების განვითარებას (Guiso, Sapienza, Zingales 2006). თუ ამ კონტექსტით განვიხილავთ იმ ფასეულობებსა და ნორმებს, რომლებიც დამკვიდრებულია ქართველ საზოგადოებაში, დავინახავთ, რომ იერარქიისა და პრიორიტეტის ფასეულობები არსებით ზეგავლენას ახდენს ინდივიდებზე. კვლევის შედეგები (ცხრილი 1) გვიჩვენებს, რომ საქართველოში, ეკონომიკურად წარმატებული დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ინდივიდები უფრო მეტად ეყრდნობიან სახელმწიფოს. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველ საზოგადოებაში კვლავაც დომინირებს პატერნალისტური დამოკიდებულებები. საქართველოში იერარქიულობაზე ფასეულობითი ორიენტაცია ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციული მართვა შეიცვალა დემოკრატიული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ოფიციალური ინსტიტუტებით. ამ მოვლენის ახსნა შესაძლებელია იმით, რომ ქართველ საზოგადოებაში არაფორმალური ინსტიტუტები, ტრადიციები, კულტურული არქეტიპები და ქცევის ნიმუშები უფრო ნელა იცვლება, ვიდრე ფორმალური.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის კეთილდღეობაზე (%)

 

არაფორმალური ინსტიტუტების ფორმალურთან შეუსაბამობა არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდან გადმოტანილი ფორმალური ინსტიტუტები ყოველთვის არ იწვევს ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ ზრდას.
ქართველ საზოგადოებაში ინდივიდუალისტური ფასეულობების დაბალ დონეზე მეტყველებს კვლევის შედეგები, რომლითაც დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საკუთარი ცხოვრების კონტროლის უფრო დაბალი შეგრძნება, ვიდრე ეს ეკონომიკურად განვითარებულ დასავლეთის ქვეყნებშია (ცხრილი 2).

არჩევანის თავისუფლება და საკუთარი ცხოვრების კონტროლი (%)

გ. ჰოფსტედეს მეთოდით ჩატარებულმა ანალიზმა ასევე დაადასტურა, რომ ქართველი საზოგადოების სოციოკულტურულ პროფილში არსებობს ძლიერი დამოკიდებულება იერარქიული ფასეულობების მიმართ და აგრეთვე საზოგადოების პრიორიტეტი ინდივიდზე. ქვემოთ მოყვანილ ნახატში კარგად ჩანს, რომ ქართველებს ახასიათებთ ძალაუფლების მაღალი მანძილი და შედარებით დაბალი ინდივიდუალიზმი (ნახატი 1).

კულტურული მახასიათებლების კვლევა გ. ჰოფსტიდის მეთოდით

ნახატი 1.

ამრიგად, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ჩარჩო ხასიათდება საზოგადოებრივი ინტერესების პრიმატით ინდივიდუალურ მიდგომებზე და იერარქიული სტრუქტურის პრიორიტეტით. აუცილებელია დავადგინოთ ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მოდელირების მექანიზმის გამოყენება ეკონომიკურად არაეფექტიანი ფასეულობების ტვირთის შესამცირებლად.
კულტურული მახასიათებლები გავლენას ახდენს ინდივიდების ეკონომიკურ ქცევაზე და რადგანაც არსებობს სხვადასხვა კულტურა, იარსებებს სოციუმის სამყაროსთან ურთიერთქმედების სხვადასხვა სტრატეგია. კულტურული ზემოქმედების სპეციფიკა განისაზღვრება ადამიანის მიერ დასახული მიზნების თავისებურებებით. სხვადასხვა კულტურაში არსებობს ამ მიზნების მიღწევის განსხვავებული მეთოდები. თუ იერარქიულ საზოგადოებაში მთავარი მიზანია სახელმწიფოსთან სიახლოვე, რადგანაც ის ახდენს რესურსების კონცენტრაციას და მის განაწილებას. ჰორიზონტალურ საზოგადოებაში პრიორიტეტულია საკუთარი ცოდნისა და ნიჭის რეალიზება, რომელიც ტრანსფორმირდება საზოგადოებრივ სიკეთეებში. დემოკრატიულობისა და ინდივიდუალიზმის მაღალი ხარისხი იძლევა თვითრეალიზაციის საშუალებას, რაც ადამიანში ყალიბდება ბავშვობის ასაკიდან. მე-3 ცხრილში კარგად ჩანს, ზოგიერთი ქვეყნის მოზარდებში ცალკეული თვისების განვითარებისთვის რა არის პრიორიტეტული - თავისუფლება თუ მორჩილება. როგორც კვლევის შედეგებით დადგინდა, ქართველებში მნიშვნელოვნია ისეთი თვისების ჩამოყალიბება, როგორიც მორჩილებაა (ცხრილი 4)

 


„მორჩილების“ მნიშვნელობა მოზარდებში (%)

ცხრილი 4.

ინდივიდუალისტური სოციალური სისტემისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა იერარქიაში ინტეგრაციის, არამედ ინოვაციურობისადმი მიდრეკილების შესაძლებლობის არსებობა. ინდივიდუალიზმის პირობებში, ადამიანისთვის მაქსიმალურად ფართოვდება საკუთარი ნიჭისა და ცოდნის გამოყენების შესაძლებლობები. ცხადია ისიც, რომ ინდივიდის ორიენტაცია ინოვაციებზე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური სისტემის განვითარებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვითგამოხატვაზე, კრეატიულობასა და ორიგინალობაზე ორიენტაცია საზოგადოების ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი რესურსია.
ქვეყნები, სადაც დომინირებს ინდივიდუალისტური ფასეულობები, ქცევის ამ მოდელისაგან იღებენ დამატებით ეკონომიკურ სარგებელს (Shane 1992). ეს შესაძლებელია იმ ინკლუზიური ინსტიტუტებით, რომლებიც ხელს უწყობენ ინდივიდუალურ საქმიანობას, აფართოებენ იმ სივრცეს, რომელშიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები (მათ შორის, ადგილობრივი ტრადიციების, ზნეობის ნორმების გათვალისწინებით) და თვითრეალიზაციის პროცესის განვითარებით, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში კონსერვატიული ტენდენციების განვითარებას.
ინოვაციური პროდუქტების შექმნის პროცესში ინდივიდუალიზმის პრიორიტეტი კოლექტივიზმზე, დადასტურებულია რიგ მეცნიერთა კვლევებით (Taylor, Wilson 2012). ამასთან, მათ ნაშრომებში ასევე დასაბუთებულია, რომ კოლექტივიზმის ზოგიერთი ფორმით არსებულ ფასეულობებს აქვთ მასტიმულირებელი გავლენა ინოვაციურ განვითარებაზე. ასეთ ფასეულობებში ისინი გულისხმობენ პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმს. ისეთ საზოგადოებად, რომელმაც იერარქიულობის მიუხედავად, წარმატებებს მიაღწია ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, მათ მიაჩნიათ იაპონია.
საზოგადოებისა და ინსტიტუტების ფასეულობები ურთიერთდაკავშირებულია (Shengelia 2018). საზოგადოებაში ინსტიტუტის წარმატება აძლიერებს კულტურულ ფასეულობებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინსტიტუტის ელიტარიზმი არის საზოგადოების მიერ მისი ფასეულობების გაზიარების შედეგი. შესაბამისად საზოგადოებაში წარმატებულია ის ინსტიტუტები, რომლებიც მის კულტურულ ფასეულობებს შეესაბამება. ამდენად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა დასავლეთის ფასეულობებისა და ინსტიტუტების (როგორც ფორმალურის, ასევე არაფორმალურის) ბრმა კოპირება, არამედ საკუთარი ფასეულობების მისადაგება ამ ინსტიტუტებისადმი. სხვა შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართველი საზოგადოების მიერ ამ ინსტიტუტების მიუღებლობის ფაქტორი.

დასკვნა

კვლევებმა აჩვენა, რომ კოლექტივისტურ საზოგადოებებში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, გაცილებით დაბალ დონეზეა, ვიდრე ინდივიდუალისტურში. თუ ამ მიდგომის კონტექსტით განვიხილავთ იმ ფასეულობებს, რაც გავრცელებულია ქართველ საზოგადოებაში, დავინახავთ, რომ იერარქიის და პრიორიტეტის საზოგადოებრივი ფასეულობები არსებით ზეგავლენას ახდენს ინდივიდზე. იერარქიულ საზოგადოებაში მთავარი მიზანია სახელმწიფოსთან სიახლოვე, რადგანაც ის ახდენს რესურსების კონცენტრაციას და მის განაწილებას, ჰორიზონტალურში კი - საკუთარი ცოდნისა და ნიჭის რეალიზებას, რომელიც ტრანსფორმირდება საზოგადოებრივ სიკეთეებში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა დასავლეთის ფასეულობებისა და ინსტიტუტების (როგორც ფორმალურის, ასევე არაფორმალურის) ბრმა კოპირება, არამედ საკუთარი ფასეულობების მისადაგება ამ ინსტიტუტებისადმი.

ლიტერატურა:
References:
• Bedianashvili G. (2018). Knowledge Economy, Entrepreneurial Activity and Culture Factor in Modern Conditions of Globalization: Challenges for Georgia. Globalization and Business. Vol.5(5). PP. 32-37
• Inglehart R., Baker W. (2000). Modernization, Cultural Change, and the Persistence of Traditional Valuese / American Sociological Review, Vol. 65.pp. 19–50
• Milton B. Bennett, Milton J. (1998). Intercultural Communication: A Current Perspective. In Milton J. Bennett (Ed.), Basic Concepts of Intercultural Communication: Selected Readings. Yarmouth, ME: Intercultural Press.
• Guiso L., Sapienza P., Zingales L. (2006). Does Culture Affect Economic Outcome // Journal of Economic Prospective. —Vol. 20. № 2.
• Hofstede G. Country Comparison. URL: https://geerthofstede.com/countries.html
• Henrich J. (2000). Does Culture Matter in Economic Behavior? Ultimatum Game Bargaining among the Machiguenga of the Peruvian Amazon // American Economic Review. — 2000. — Vol. 90. — № 4. September 2000. P.973-979.
• Shane Scott A., (1992). "Why Do Some Societies Invent More than others?," Journal of Business Venturing, Elsevier. Vol. 7(1), pages 29-46, January.
• Taylor M., Wilson S. (2012) Does Culture Still Matter? The Effects of Individualism on National Innovation Rates // Journal of Business Venturing. — Vol. 27. — P. 234–247.
• World Values Survey. 2010–2014. URL: https://www.worldvaluessurvey.org/WVSDocumentationWV6.jsp
• Shengelia T., Berisvili Kh. (2018) Influence of Cultural Determinants on the Process of Business Innovations Management. Ecoforum Journal. Vol. 7. Issue 1, P. 48-55.
• Shengelia T. (2016) Generation of Knowledge Into Conception of Cultural Pragmatizm and its Influence on International Business. Ecoforum Journal. Vol 5, No 2
• Shengelia T. (2017) Interpersonal and Organizational Trust, as Factor of Social Capital, and its Influence on the Motivation of International Company Employees. Ecoforum Journal. Vol. 6. Issue 2.
• Shengelia T. (2017) Impact of Cultural Determinants on the Management of Business Innovation. In: The 2nd International Scientific Conference: Challenges of Globalization in Economics and Business. Ivane Javakhishvili Tbilisi State University Press, Tbilisi, pp. 534-540.
• Shengelia T. (2018). Culture, as „Perceptual Prism “of Knowledge Generation and its Role in International Business Journal Age, Volume 5. Issue 6 2. Conference: International Conference on Advances in Business Management and Information Technology (ICABMIT) At: Spain, Barcelona.